ადგილი ოფთალმოლოგებისთვის და ოფთალმოლოგიის მეგობრებისთვის ოფთალმოლოგიაზე

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ოფთალმოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. ალბათ დღე არ გავა, რომ რაიმე სიახლე არ გამოჩნდეს, არ ჩატარდეს სამეცნიერო შეხვედრა, დაინერგოს ახალი საინტერესო ტექნოლოგია და აპარატურა, მოწოდებული იქნას მკურნალობის ახალი მეთოდები და საშუალებები, განხილული იყოს რთული კაზუისტიკური და საინტერესო შემთხვევები. არანაკლებ აქტუალურია აგრეთვე ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული, ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ბაზა და სახელმწიფოს სამედიცინო პოლიტიკა.

ამავე დროს, საქართველოში ბოლო დრომდე არ არსებობდა საინფორმაციო ბაზა, სადაც მაქსიმალურად ერთიანად იქნებოდა თავმოყრილი ოფთალმოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები. სწორედ აღნიშნულმა რეალობამ გვიბიძგა შეგვექმნა საიტი, სადაც საქართველოში მოქმედ ოფთალმოლოგებს ექნებოდათ საშუალება მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ძირითად საკითხებზე.

საიტი, რომელიც ერთნაირად დაეხმარებოდა როგორც სტუდენტ-რეზიდენტებს, ისე პრაქტიკოს და მეცნიერულ საქმიანობაში ჩართულ ოფთალმოლოგებს — როგორც პროფესიული და კარიერული, ასევე გარკვეულწილად სოციალური კუთხით.

დასაწყისში საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში. უკიდურესად მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან უმორჩილესი თხოვნა გვექნება ოფთალმოლოგიით დაინტერესებული თითოეული პირის მიმართ, რომ თქვენი შენიშვნებით, მოსაზრებებით და სურვილებით დაგვეხმაროთ მის დახვეწაში.

ვებ გვერდის სამუშაო ჯგუფი